სკოლის შესახებ

სსიპ-ქალაქ ქუთაისის N23- საჯარო სკოლა დიმიტრი არაყიშვილის № 15-ში მდებარეობს. სკოლას 130 წლის ისტორია აქვს და იმ მცირერიცხოვან სკოლათა სიაშია, რომელთაც სკოლის პასპორტი გააჩნიათ. სწორედ პასპორტშია აღნიშნული სკოლის დაარსების თარიღი: 1893 წელი. ჩვენთვის უცნობია, (ჯერჯერობით), ვის მიერ და კონკრეტულად რა ტიპის სასწავლებელი შეიქმნა თავდაპირველად, უცნობია ასევე მე-20 საუკუნის დასაწყისში სასწავლებელში მოღვაწე ხელმძღვანელებისა და სკოლის პედაგოგთა ვინაობა.  ქუთაისის ცენტრალურ არქივში მოძიებული საბუთებიდან ირკვევა, რომ 40-იან  და 50-იანი წლების პირველ ნახევარში არსებობდა 23-ე არასრული რვაწლიანი სკოლა, ხოლო ზეპირი გამოკითხვით (ამ პერიოდის ყოფილი მოსწავლეების), დასტურდება რომ ის იყო ქალთა სასწავლებელი. 1954 წელს მოხდა ქალთა და ვაჟთა სკოლების გაერთიანება და ამ დროს სკოლის დირექტორი გახლდათ ქ-ნი ქეთევან მამრიკიშვილი. 1954 წლიდან 1962 წლამდე სკოლის დირექტორი ბრძანდებოდა მათემატიკოსი ბ-ნი შოთა მანგალაძე, შემდებ სხვადასხვა დროს  ბრძანდებოდნენ: ბატონი არკადი გვეტაძე, საშა გაჩეჩილაძე, დავით ქომეთიანი, ლერი გურგენიძე, თამაზ ციბაძე, გოჩა ჩხეტია.

სკოლის პასპორტის  და ცენტრალურ არქივში მიგნებული საბუთების (ქუთაისის განათლების განყოფილების ფონდი), მიხედვით 1956 წელს 23-ე არასრულ რვაწლიან სკოლას საშუალო სკოლის სტატუსი მიენიჭა, იქვეა მითითებული სკოლის იმჟამინდელი მისამართი: გორის ქუჩა № 59 ტელ. 17-78

გაზ.„სტალინელი“, № 149. 1961წ. 30 ივლისი

საშუალო სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობამ იმატა და 50-იანი წლების ბოლოს დაისვა 23-ე საშუალო სკოლისთვის ახალი შენობის აგების საკითხი. სკოლა 1961-1962 სასწავლო წელს ახალ შენობაში შეხვდა (ამჟამინდელი დიმიტრი არაყიშვილის ქუჩა № 15)

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბრძანების (№ 448) საფუძველზე 2005-2006 სასწავლო წლიდან სკოლას აქვს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი.

სხვადასხვა დროს სკოლაში ეტაპობრივად მიმდინარეობდა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, ინვენტარის განახლება.

2015-2016 სასწავლო წელს სკოლა განახლებული სააქტო დარბაზით, სპორტდარბაზით და სასკოლო ინვენტარით შეხვდა.

მოსწავლეთა აღზრდის მეტად მნიშვნელოვან საქმეს წლების განმავლობაში გამოცდილი, ერუდირებული პედაგოგები უძღვებოდნენ. ქუთაისის ცენტრალური არქივის, განათლების განყოფილების ფონდში დაცულია ქალაქის სკოლების მასწავლებელთა დემოგრაფიული მონაცემები (1954-1955 სასწ. წლის), მათ შორის 23-ე  სკოლის 22 მასწავლებლის შესახებ, რომელთა უმრავლესობა არის უმაღლესი პედაგოგიური განათლებით და დახასითებულნი არიან, როგორც კარგი მასწავლებლები. მათ შორის: თევდორაძე თინა, გუბელაძე ლილი, სანდუხაძე ალექსანდრე, მანგალაძე შოთა, ბოდოკია ვერა, მიქაუტაძე ლოლა, შენგელია თამარი. უფრო მოგვიანებით: ლამარა ლეჟავა, ვესტა ვოლკოვა, ლიანა კოსტავა, მერი გვილავა და სხვა.

23-ე საჯარო სკოლას ჰყავდა და ჰყავს საამაყო, შეუბღალავი რეპუტაციის მქონე ხელმძღვანელები.  დირექტორის მეტად საპასუხისმგებლო  მისიას ასრულებდნენ: არკადი გვეტაძე (1962-1967წწ), საშა გაჩეჩილაძე (1967-1968წწ), დავით ქომეთიანი (1969-1978წწ), ლერი გურგენიძე (1978-1985წწ), თამაზ ციბაძე (1985-2006წწ), გოჩა ჩხეტია (2006-2010წწ), ხოლო 2010 წლიდან დღემდე ქ-ნი ნესტან ხუციძე-სიხარულიძე ასრულებს.

ამჟამად 23-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა აღზრდის საქმეს ემსახურება 64 პედაგოგი.

სკოლაში თანაბარი სიძლიერით ისწავლებოდა და ისწავლება, როგორც ჰუმანიტარული, ისე ტექნიკური, საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი დისციპლინები. წლების განმავლობაში მოსწავლეები წარმატებებს აღწევდნენ საქალაქო, რესპუბლიკურ საგნობრივ ოლიმპიადებსა თუ კონფერენციებში. არაერთხელ გამხდარა 23-ე სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი და ხალხური სიმღერის გუნდი ლაურიატი, არაერთხელ მოუპოვებიათ ოქროსა და ვერცხლის მედლები სკოლის მოსწავლეებს სპორტული მიღწევებისთვის. ბევრჯერ აღფრთოვანებულან სკოლის ღირსეული სტუმრები, (ოტია იოსელიანი, მუხრან მაჭავარიანი, მურმან ლებანიძე, ლევან სანიკიძე, გოდერძი ჩოხელი,ლევან ბერძენიშვილი,ელენე გოცაძე, თეიმურაზ ლანჩავა, ავთანდილ ნიკოლეიშვილი და სხვები), მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭით, საინტერესო ლიტერატურული საღამოებით, სპექტაკლებით…

ტრადიცია გრძელდება, სკოლა ახალი გამოწვევების პირობებში ცდილობს არ ჩამორჩეს და იყოს ლიდერი სასწავლო, შემოქმედებითი, სამოქალაქო, სპორტული თუ პროფესიული აღზრდის საქმეში.

ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს ქართული ენის და ლიტერატურის, დაწყებითის, საზოგადოებრივი მეცნიერებების, მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, უცხოური ენების, ეთიკის და ესთეტიკის კათედრები.

სკოლა დიდი წარმატებით ნერგავს არაფორმალურ განათლებას.

23-ე საჯარო სკოლამ აღზარდა თაობები, რომელთაც თავი დაიმკვიდრეს სხვადასხავა სფეროში, ისინი არიან პროფესიონალი პედაგოგები, ექიმები, ეკონომისტები, იურისტები, ჟურნალისტები, მხატვრები, მწერლები, სპორტსმენები. პროფესორები: ომარ გვეტაძე, ლეილა ქველიძე, ზურაბ დათუაშვილი, მწერლები: თეონა დოლენჯაშვილი, ეკა თხილავა, რეჟისორი-თორნიკე მარჯანიშვილი, არქიტექტორი- ანდრო მარჯანიშვილი, ჟურნალისტები -ნათია კუპრაშვილი, ზეინაბ ხაჩიძე, ირმა ჭოლაძე, არქეოლოგი- დავით ბერძენიშვილი და სხვანი და სხვანი.

დღეის მდგომარეობით სკოლაში ირიცხება 1115 მოსწავლე. მათ აღზრდას ემსახურება 64კვალიფიციური მასწავლებელი.